სასამართლომ მირზა სუბელიანს პატიმრობა შეუფარდა-“რომ შემეძლოს იმ ბავშვებს სიცოცხლეს გავუცვლიდი”

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
როგორც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან  375-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საკუთარი უფლება გამოიყენა და დაცვითი სიტყვა წარმოთქვა:
“რადგან აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ქმედებებზე და მომხდარ ფაქტზე ჩემი წვლილი სამართლებრივი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცამ შეიძლება ეს პოპულისტურ ნათქვამად ჩათვალოს, მაგრამ რომ შეიძლებოდეს ჩემი სიცოცხლის იმ ბავშვების სიცოცხლეში გაცვლა, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი”, – განაცხადა სუბელიანმა.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა.
ადვოკატებმა ასევე მათ დასკვნით სიტყვაში ისაუბრეს იმაზეც, რომ სუბელიანი 9 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა და რომ მას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები