ნატო-ს ვიცე-ადმირალი: გიორგი გახარიამ წარმატებული ნაბიჯები გადადგა იმ პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს ნატო-სთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა სერ კლაივ ჯონსტონმა შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით, გიორგი გახარია რეგიონში ექსპერტია, შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მოესმინა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერის მოსაზრებები.
“ჩემთვის, როგორც ნატო-ს საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, არა მხოლოდ მისი, როგორც მინისტრის მნიშვნელოვანი როლიდან, ასევე, ვიცე-პრემიერის პოზიციიდან გამომდინარე. მან წარმატებული ნაბიჯები გადადგა იმ პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, დაუახლოვდეს ნატო-ს, რაც თავისთავად ძალზე სასარგებლოა. მიმაჩნია, რომ იგი არის ექსპერტი რეგიონში, შესაბამისად, მსურდა მისი აზრების მოსმენა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე, მიმეღო მისგან რჩევები შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა NATO-ს საზღვაო ძალების სარდალმა, სერ კლაივ ჯონსტონმა.
შს სამინსიტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატო-ს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.
ნატო-ს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები