ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური ინსტრუმენტები ქუთაისის სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ ინსტრუმენტებს რესტავრაცია ჩაუტარდა და კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა.

სამუზეუმო ექსპონატები გიორგი შიოშვილმააღადგინა, რომელიც საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორია. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

დღეს კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის ელჩი ოფიციალურ დელეგაციასთან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ანთიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

პოლონელმა სტუმრებმა სამუზეუმო ექსპონატებად გამოფენილი, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები – ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა დაათვალიერეს და ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიას გაეცნენ.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მუზეუმოგრაფიის კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმის სპეციალისტები ამზადებენ.

კონცეფციამ სამუზეუმო სივრცე საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გარემოდ უნდა აქციოს, რაც თავის მხრივ, ქუთაისში კლასიკური მუსიკის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე დოკუმენტის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომზადდება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტიც.

სააგენტოს ორგანიზებით ახლო მომავალში ფალიაშვილის ქუთაისის სახლ-მუზეუმსა და შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამომავლოდ ქართველი კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს განაპირობებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივით, მიმდინარე წელს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიული შენობა ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იქნება წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები