დედაქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით იზრდება. დედაქალაქის მერია აღნიშნულ თანხას სესხის სახით კომერციული ბანკებისგან აიღებს და მას ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფარავს.

სესხის აღების აუცილებლობას უმრავლესობა იმით ხსნის, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გადმოსარიცხად საჭიროა გარკვეული დრო, რის გამოც, შესაძლოა, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება დაგვიანდეს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა აღნიშნა, 62 მილიონიდან 30 მუნიციპალური განვითარების ფონდში იქნება მიმართული, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტებზე დაიხარჯება.

„ჩვენ წლის დასაწყისშივე დავაანონსეთ, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი ცოტა მოგვიანებით წამოვიდოდა, შესაბამისად, იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდეს და ამ წელს მოესწროს, საკრედიტო ხაზი გავხსენით. შესაბამისად, ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით, მილიარდ ლარამდე გავზარდეთ და საკრედიტო ხაზის ხარჯზე დავიწყებთ ტენდერების გამოცხადებას. გზაში დაგვეწევა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი, რომლითაც მთლიანად გავსწორდებით. აღებული სესხიდან თანხები მოხმარდება სასწრაფოებს, გზის საფარის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობის სამუშაოებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ბიუჯეტის ზრდას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. მათი თქმით, სესხის ძირითადი ნაწილი ბიუროკრატიასა და მერიის პიარზე დაიხარჯება. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მაშინ როდესაც დედაქალაქში უამრავი სოციალური პრობლემაა, მთავრობის პრიორიტეტი ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს.

„ბიუჯეტთან მიმართებით გვაქვს რამდენიმე კითხვა. ვალს რომ ვიღებთ თბილისელების ხარჯზე სამი მილიონ 700 ათასი ლარი რატომ ხმარდება დანა-ჩანგლის სამსახურს. ასევე ნახევარი მილიონი ლარი რატომ ემატება კახი კალაძის რეკლამას. ანუ ერთი სელფის ჯოხი არ ჰყოფნის და ორი სელფის ჯოხით უნდა ირბინოს? 1.6 მილიონი ლარი რატომ აკლდება ავარიულ კორპუსებს. თუნდაც ამ სამი პრობლემის გამო, ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერდით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები