ნინო ლომჯარია ეუთო-ს დასკვნაზე: ხელისუფლებამ ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხები
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ეუთო-ს ანგარიში შეაფასა. როგრც მან აღნიშნა, მსგავსი შეფასება მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას. “არ მქონდა შესაძლებლობა, რომ სრულად გავცნობოდი ამ ანგარიშს, თუმცა ძირითად დასკვნებს გავეცანი რაც მედიასაშუალებით გავრცელდა. რაც საყურადღებოა ის, რომ ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო. სამწუხაროა, რომ ეს რეკომენდაციები, რაც გვეგონა, რომ წლების წინ კეთდებოდა და თითქოს, გარკევეული პერიოდის გასვლის შემდეგ, აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის, კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში. სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და ხელისუფლების, ასე ვთქვათ, რესურსის მონაწილეობა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ. ასეთი დასკვნები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხები ხელისუფლებამ სამომავლო არჩევნების განმავლობაში”,- განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, მარტში ომბუდსმენის აპარატი პარლამენტში 2018 წლის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრებს. ცნობისათვის, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ორგანიზაცია რეკომენდაციებს აფიქსირებს.