„ადვოკატებს, რომლებიც სასამართლო სხდომებიდან კონკრეტული მოსამართლეების აცილებას ვითხოვთ, მოსამართლეები გვემუქრებიან“
ადვოკატ სალომე აბესლამიძის განცხადებით, იმ ადვოკატებს, რომლებიც სასამართლო სხდომებიდან კონკრეტული მოსამართლეების აცილებას ითხოვენ, მოსამართლეები ემუქრებიან. ამის შესახებ აბესლამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განცხადა.
„მუქარა ვრცელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით . ეს იყო შემაშინებელი, თითქოს, ჩვენ , ადვოკატებს ჯარიმის სახით 500 ლარს დაგვიწესებდნენ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით. გაგვეცინა აღნიშნულთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გამოდის, რომ ის ოდიოზური მოსამართლეები უკვე მესიჯებს უგზავნიან სხვა მოსამართლეებს, რომ ჩვენ ვერ მოვახდინოთ აცილებების დაყენება სასამართლო სისტემაში. ეს ვფიქრობ, არის შემაშინებელი მუქარის ტონი მათი მხრიდან. სოციალურ ქსელში დიმიტრი გვრიტიშვილს ჰქონდა დაწერილი, რომ თურმე, ჩვენ ეთიკის კომისიაზე უნდა გადავეცეთ, ხოლო სერგო მეთოფიშვილის ჰქონდა პოსტზე პასუხი, რომ 500 ლარით უნდა დავჯარიმდეთ ის ადვოკატები, რომლებიც აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებენ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხაროა ის, რომ ასეთი რამ გაჟღერდა მოსამართლეების მხრიდან. ჩვენ არ გვეშინია. ზღვარი გადალახულია, ჩვენი მოძრაობა დაწყებულია. მზად ვართ დაჯარიმებისთვის, 500 ლარის გადახდისთვისაც“, – განაცხადა აბესლამიძემ.
შეგახსენებთ, კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის“ ფარგლებში ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ ადვოკატებმა გიგი სისვაძემ, სალომე აბესლამიძემ და ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ისინი ადვოკატებს მოუწოდებენ, კამპანიას შეუერთდნენ.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. მათი თქმით, საუბარია, როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე – ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ადვოკატების მიერ წამოწყებულ კამპანიას „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.
სერგო მეთოფიშვილმა დაწერა, რომ ასეთი ქცევის მიმართ სასამართლომ უნდა გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით, მაშ შორის დაჯარიმებაც.
ამასთან, საბჭოს მოსამართლე წევრის თქმით, აღნიშნული კამპანია არის უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შესაძლოა ,მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, რომ ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებმაც სასამართლო პროცესებიდან მოსამართლე ლევან მურუსიძის აცილება მოითხოვეს, კომისიამ იმსჯელოს, არღვევენ თუ არა ისინი პროფესიული ეთიკის ნორმებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.
მან ათამდე ადვოკატის კამპანიას „აიცილე ლევან მურუსიძე“ პროვოკაცია და სასამართლოს უპატივცემულობა უწოდა. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძესთან მიმართებაში დაუსაბუთებელ ანტიკამპანიას აქვს ადგილი.
თამუნა შეყილაძე