გარდაცვლილების და ყოფილი თანამდებობის პირების მონაცემებზე წვდომა-პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი კანონმდებლებს მიმართავს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კანონმდებლებს მიუთითებს, იმსჯელონ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით და მოუწოდებს მატ განიხილონ, რამდენად აუცილებელია გარდაცვლილ და ყოფილი თანამდებობის პირების მონაცემების ინტერნეტსივრცეში განუსაზღვრელი ვადით ხელმისაწვდომობა.
„სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (declaration.gov.ge) თანამდებობის პირთა დეკლარაციები ქვეყნდება, რომლებიც ასევე მოიცავს თანამდებობის პირის ოჯახის წევრების ვინაობის, დასაქმების, შემოსავლების, საცხოვრებელი ადგილისა და საკუთრების შესახებ ინფორმაციას.
ბიუროს ვებგვერდზე 1998 წლიდან წარდგენილი დეკლარაციებია განთავსებული, მათ შორის გარდაცვლილი და ყოფილი თანამდებობის პირების (რომელთაც ათეული წლის წინ დატოვეს საჯარო სამსახური).
რამდენადაც თანამდებობის პირთა დეკლარაციების გასაჯაროების მიზანი საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლაა, თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების შემთხვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენა, სასურველია, კანონმდებლებმა იმსჯელონ, ლეგიტიმური მიზნებისთვის რამდენად აუცილებელია გარდაცვლილი და ყოფილი თანამდებობის პირების მონაცემების ინტერნეტსივრცეში განუსაზღვრელი ვადით ხელმისაწვდომობა.
ბუნებრივია, აღნიშნულმა არ უნდა დააბრკოლოს, დაინტერესების შემთხვევაში, დეკლარაციების საჯარო ინფორმაციის სახით მიღების შესაძლებლობა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, დეკლარანტის მიერ არაზუსტი მონაცემების გასწორების შესაძლებლობაა. ბიუროს დაევალა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნას დეკლარაციაში ასახული უზუსტობის/არაზუსტი მონაცემების გასწორების მექანიზმი, განსაზღვროს თანამდებობის პირის იდენტიფიცირების წესი, ასევე, უზრუნველყოს დეკლარანტთა მკაფიო და ნათელი ინფორმირება დეკლარაციაში შესატანი მონაცემებისა და პაროლის განახლების შესახებ“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც 2018 წლის ანგარიშს ეხება.