სკოლამ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ანგარიში

 

2018 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამინისტროების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სკოლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი შეისწავლა.
70 სამართალდარღვევის ფაქტზე 11 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 7 შემთხვევაში – გაფრთხილება; გარკვეულ დარღვევებზე, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ვერ მოხდა, თუმცა გაიცა 50 შესასრულებლად სავალდებულო მითითება და რეკომენდაცია.
2018 წელს ინსპექტორის აპარატმა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა და კანონის დარღვევით მონაცემთა დამუშავების არაერთი ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანთა მონაცემებთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტების შესწავლა როგორც მოქალაქეთა, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ხდებოდა.
„ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება გადასცა, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება სკოლის დირექტორმა გააცნო და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა სამართალდამრღვევად ჩაითვალა, დაეკისრა ჯარიმა და შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის დავალებები მიეცა.
ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე ძალადობის მსხვერპლ ბავშვს შეეხებოდა, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე, ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება აეკრძალა. არასრულწლოვანი მოძალადე მშობლისაგან დაცვის მიზნით, სხვა ქალაქში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, მშობელმა მისამართი შეიტყო და შვილს ახალ სკოლაში მიაკითხა.
ანგარიშის მიხედვით, სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია.
მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ კი მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას.
სკოლა ჩაითვალა სამართალდამრღვევად და ინსპექტორის დავალების საფუძველზე სკოლამსხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მიიღო, კერძოდ: გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში; შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციით, არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ,ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად;
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;
არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას, დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ორგანიზაციამ მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი აწარმოოს და გამოვლენილ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.ამავე ანგარი
შში აღნიშნულია, თუ რა დარღვევები გამოვლინდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო გასაჯაროების მიმართულებით:
2018 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ცესკოს ვებგვერდზე არსებულ მონაცემთა ბაზების, კერძოდ კი, ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.
„აღნიშნულ ბაზას მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ: „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის – საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე“,- აღნიშნულია ანგარიშში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა napr.gov.ge; voters.cec.gov.ge; declaration.gov.ge; privatization.ge და სხვა, მონაცემთა გასაჯაროება და პერსონალური მონაცემების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობა ხშირად გარკვეული უხერხულობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ზიანის მომტანია მონაცემთა სუბიექტებისთვის. ამის გათვალისწინებით, ინსპექტორის აპარატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მონაცემთა ბაზის საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვროს ლეგიტიმური მიზნებისთვის გამოსაქვეყნებელი პერსონალური მონაცემების მოცულობა, მათი მოძიების კრიტერიუმები, შემდგომი დამუშავების მიზნობრიობა და გამოქვეყნების ვადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები