„შიგნიდან გავტეხავთ ციხეს“, – კამპანია „აიცილე მურუსიძის“ ფარგლებში ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის“ ფარგლებში ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
ამის შესახებ ადვოკატებმა გიგი სისვაძემ, სალომე აბესლამიძემ და ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ისინი ადვოკატებს მოუწოდებენ, კამპანიას შეუერთდნენ.
„ჩვენს წამოწყებას მოჰყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება. ახლა ის მომენტია, როცა ადვოკატები უნდა გავერთიანდეთ. ამ კამპანიასთან დაკავშირებით ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ვინ რომელ მხარეს ვდგავართ . ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ადვოკატებთან. ეს პროცესი დღეს იწყება. ეს ეტაპი იქნება ღია, გამჭვირვალე, რომელიც გამოააშკარავებს სასამართლო სისტემის მანკიერ მხარეებს. რეალური სამართლებრივი ინსტურმენტი ჩვენს ხელშია. მინდა, ეს ყველა ადვოკატმა გააანალიზოს. ჩვენ ხელგვეწიფება, რომ მართლსაჯულების განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ამისთვის უკან არავინ უნდა დაიხიოს.
ამ ეტაპზე კამპანიის მიმართ ღია მხარდაჭრა გამოთქვამს დაახლოებით 50-70 ადვოკატი“- განაცხადა გიგი სისვაძემ.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. მათი თქმით, საუბარია, როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე – ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.
„მინდა, ყველა კოლეგას ვთხოვო, მოვუწოდო, შემოუერთდნენ ამ კამპანიას, რომელიც არის „აიცილე ლევან მურუსიძე“ . მართლმსაჯულების დღის წესრიგი ჩვენს ხელშია და ჩვენ უნდა შევძლოთ და დავამარცხოთ ბოროტება. არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, კვლავ განახორციელონ ისეთი უმსგავსო ქმედებები , რასაც წინა ხელისუფლების დროს ახორციელებდნენ. ახლა ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე კარგ ტიპებად წარმოაჩინონ თავი . რა თქმა უნდა, ეს რელაურად ასე არ იქნება და ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას . ამ კამპანიამ „აიცილე ლევან მურსიძე“ უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო და გადავიდა რეგიონებში . აჭარიდან , ქუთაისიდან გვიერთდებიან ჩვენი კოლეგები. მათ მადლობას ვუხდი. იმედი მაქვს, ყველა რეგიონში ჩვენი კოლეგები იქნებიან მოწოდების სიაღლეზე და შემოგვიართებიან. ვფიქრობ, დღეს თუ ხვალ „ადვოკატთა ასოციაციამაც“ უნდა გააკეთოს განცხადება ამ ყოველივეზე და დაარქვას სახელი იმ უმსგავსობას, რაც ხდება ჩვენს სასამრთლოებში.
ჩვენ შიგნიდან ვიმუშავებთ. შიგნიდან გავტეხავთ ციხეს და დარწმუნებული ვარ, მათი დღეები დათვლილია. გვრიტიშვილს და სხვა მსგავსი ტიპის მოსამართლეებს, რომლებიც ცინიკური ჟესტიკულაციით მოგვიხსენიებენ, რომ თურმე, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ , დავანახებთ ძალას, თუ რა შეგვიძლია ჩვენ , რა შეუძლიათ ადვოკატებს“- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
თამუნა შეყილაძე