მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება დღეს გაიმართება

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გახსნითი ღონისძიება, დღეს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება. ღონისძიებაზე ორგანიზატორები კამპანიის ეტაპებისა და იმ ძირითადი სიახლეების შესახებ ისაუბრებენ, რომელიც 2019 წელს კონკურსის ფარგლებში განხორციელდება.

შეხვედრის დასასრულს ლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ყოფნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. ქართველ მასწავლებელს წარმატებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრები და განათლების სფეროს წარმომადგენლები მიულოცავენ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით დაწესდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულია წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება“,- აცხადებენ „მასწავლებელთა სახლში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები