„თავის მოკვლას ვაპირებ“ – თბილისის სკოლაში მომხდარის გამო, შსს-მ საქმე აღძრა

„თავის მოკვლას ვაპირებ, წამლები დავლიე“ – ეს სატელეფონო შეტყობინება 15 წლის გოგონამ თანაკლასელს მისწერა.
შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, პირველ გაკვეთილზე მოხდა.
შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, კლასში გაკვეთილი ჩაიშალა. ადრესატი კლასიდან გაიქცა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია სკოლის მანდატურს მიაწოდა.
სკოლის მანდატურმა სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიციის ბრიგადები გამოიძახა.
„თვითმკვლელი“ მოზარდი იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან 1 აბი წნევის დამწევი მედიკამენტი თანაკლასელი გოგონას შესაშინებლად დალია.
ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.
„დღეს დილით, საავადმყოფოში მოიყვანეს მოზარდი, რომელმაც წნევის დამწევი 1 აბი თანაკლასელი გოგონას შესაშინებლად მიიღო. არავითარი სუიციდის მცდელობა არ ყოფილა. პაციენტი კლინიკაშია მოთავსებული და მას ხვალ დილამდე დავტოვებთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია და სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გავწერთ“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისათვის, სკოლის რამდენიმე მოსწავლე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ინციდენტის შესახებ გამოკითხვებს მანდატურის სამსახურიც გააგრძელებს.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა, ნინო შატბერაშვილმა განუცხადა, 14 წლის მოზარდი კარგად არის.
„ჩვენ თავდაპირველად ინფორმაცია მივიღეთ, რომ გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით მედიკამენტები დალია. მოგვიანებით კი შევიტყვეთ, რომ მას მხოლოდ ერთი აბი ჰქონდა მიღებული. მას ხვალ კლინიკიდან გამოწერენ, როგორც კი საშუალება მოგვეცემა გამოვკითხავთ და მომხდარის მიზეზებს გავარკვევთ“, – განუცხადა „კვირას“ ნინო შატბერაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, რომელიც ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები