ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი გამჭვირვალობაა, ამიტომაც მივედით კომიტეტში და კიდევ მივალთ
“იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნის სასიკეთოდ”, – ამის შესახებ “თი-ბი-სი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიის პორტის პროექტში თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.
„ინსტიტუტები, რომელთანაც ვმუშაობთ, არიან – “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, “ოპიკი”, “აზიის განვითარების ბანკი”… ყველა ეს ბანკი ჩვენთან მუშაობს, ჩვენს ჯგუფთან, ჩვენთან, როგორც ანაკლიის პროექტის დამფუძნებლებთან. მათ უნდათ ჩვენთან ერთად მუშაობა და მათ უნდათ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნის სასიკეთოდ,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, არც ისაა საგანგაშო, რომ პროკურატურის განცხადების თანახმად, “თიბისი ბანკმა“ არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოფშორულ კომპანიაზე ვალდებულებები გადააფორმა.
“მე არ ვიცი, ეს კონკრეტული რატომ იქნა ნახსენები და რა არის აქ საშინელება, არ მესმის. ეს არის, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნახსენები იმისთვის, რომ ეჭვი გააჩინონ, თითქოს, რაღაც მოხდა. ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი არის გამჭვირვალობა, ამიტომაც მივედით კომიტეტში და კიდევ მივალთ,” – აღნიშნა ჯაფარიძემ.