ირაკლი სესიაშვილი: პრეზიდენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას არ მართავს, ის მთავარსარდალია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს

“პრეზიდენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას არ მართავს. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც მას თავდაცვის საბჭო აქვს“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
სესიაშვილის განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ყველა ის მინისტრი და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირი იქნება წარმოდგენილი, ვინც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის მართვაზეა პასუხისმგებელი.
“პრეზიდენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას არ მართავს. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც მას თავდაცვის საბჭო აქვს. დღესაც არსებობს მაღალი სტანდარტის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მუდმივად იყოს ინფორმირებული, როგორც თავდაცვის მინისტრისგან, თავდაცვის ძალების მეთაურისგან, პრემიერისგან და ყველა იმ სახელმწიფო ორგანოსგან, რაც მისთვის საჭიროა. კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება და ყველა ტიპის საიდუმლო დოკუმენტზე დაშვება აქვს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, მეორე მოსმენით, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები