„ლეონარდო – Opera Omnia“ – ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციები გამოიფინება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოადგენს მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს – „ლეონარდო – Opera Omnia”, სადაც დამთვალიერებელი იხილავს ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.
მულტიმედიურ გამოფენას იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას. ლეონარდოს გამოფენა Rai Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია და წარმოადგენს 2017 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia, ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა” ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.
ლეონარდო – მხატვარი, ინჟინერი და მეცნიერი, არქიტექტორი, ანატომი და გამომგონებელი, რენესანსის ეპოქის უნივერსალური გენიოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, არამედ აზროვნებასა და მეცნიერებაში.
საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია / Tbilisi City Hall და ეროვნული მუზეუმი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი – 29 მარტი.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.