სათხის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან

სათხის სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს დაექვემდებარება.

„სათხის მონასტრის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას პროექტის მთელი მიმდინარეობისას იკრომის მიერ აღიარებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა უზრუნველყოფს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლებზე) საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების მომზადებისა და წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მონასტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლად აღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას დაეთმობა. მიმდინარე წელს გათვალისწინებული სამუშაოების მსვლელობისას გამაგრდება ძეგლის კონსტრუქციული წყობები და შემდგომი სარესტავრაციო ჩარევებისათვის მომზადდება მისი სტრუქტურული სეგმენტები. 2019 წელსვე დაიწყება ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც. დასრულდება კედლის მხატვრობის დროებითი გამაგრების მეორე ფაზა. 

„დაბა კაზრეთთან მდებარე სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატივით, სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ (RMG) დაფინანსებით უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს. სარესტავრაციო პროცესი ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში კომპანია „არემჯი“ 480 000 ლარს გამოყოფს. პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ოთხ ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „არემჯის“ შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის შვიდი უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის ოთხწლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები