გია ვოლსკი: დამატებით დეპუტატების წასვლას არ ველოდები
„დამატებით დეპუტატების წასვლას არ ველოდები“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლას, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად აფასებს.
მისივე განმარტებით, ზოგიერტ დეპუტატს პოლიტიკური მიზნები აქვს, ზოგი კი, ერთმანეთს ცალკეული თემატური პრინციპით უპირისპირდება.
„დღეს საკითხი უმრავლესობის შენარჩუნებაზე არ დგას. უმრავლესობის შენარჩუნება-არშენარჩუნებაზე კითხვის დასმა გადაცემებს უფრო მეტ სიმწვავეს მატებს, თუმცა ამის რეალური წინაპირობა არ არსებობს. ადამიანები გადიან ფრაქციიდან და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. ზოგს ცალკე პოლიტიკური მიზნები აქვს, ზოგი ერთმანეთს ცალკეული თემატური პრინციპით უპირისპირდება. მთავარია, მედია იყოს მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია ჰქონდეს. ვინც ჩვენ უკვე ვიცით, ის მიდის უმრავლესობიდან. დამატებით დეპუტატების წასვლას არ ველოდები. უკვე ვიცით დეპუტატების შესახებ, რომლებმაც სასამართლო თემებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. ამის შემდეგ ერთ გუნდში ყოფნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, მაგრამ თემატური საკითხები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სკანდალური გაცილებები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის უმრავლესობა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა უკვე დატოვეს.
რამდენიმე წუთის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა შესაძლოა დატოვონ ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და კიდევ რამდენიმე წევრმა.