ეკა ბესელია პარლამენტში თანამოაზრეებთან კონსულტაციების გამართვას იწყებს და ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს

ეკა ბესელია პარლამენტში თანამოაზრეებთან კონსულტაციების გამართვას იწყებს და ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, – ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა გააკეთა.
ბესელიას განმარტავს, რომ იგი იმ ადამიანებს შემოიკრებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს.
მას ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.
„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს.
თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის “სოციალ-დემოკრატებთანაც”, თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს. უმცირესობა დაიშლება როგორც კი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატი გამოვა, რაც შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის, იმიტომ, რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები. ასე, რომ ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცით,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველ გუნდში არსებული განხეთქილების გამო საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა უკვე დატოვა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.
წასვლას აანონსებენ ასევე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები