გია აბაშიძე: შთაბეჭდილება მრჩება, რომ მამუკა ხაზარაძე სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს
შთაბეჭდილება მრჩება, რომ მამუკა ხაზარაძე ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გია აბაშიძე TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმურა.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მამუკა ხაზარაძე ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს. ცდილობს, სიმართლის ბოლომდე არგათქმით გარკვეული მანიპულირება მოახდინოს საზოგადოებაზე. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა.
არ დაგვავიწყდეს ორი მნიშვენლოვანი მომენტი, რომელიც ამ დღეებში განვითარდა. პირველი , ის რომ TBC ბანკის საერთაშორისო მეწილეებმა ლონდონში მას და მის მოადგილეს უთხრეს, რომ დაეტოვებინა სამეთვალყურეო საბჭო, მანამდე ის არ აპირებდა ამის გაკეთებას. საერთაშორისო მეწილეებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა შეწყდეს დავა ეროვნულ ბანკთან და გადახდილი იქნას 1 მილიონი ლარი ჯარიმა. მეორე მომენტიც გამოჩნდა- ის ნარატივი, რომ, თითქოს, მამუკა ხაზარაძეს ხელს უშლიდნენ ანაკლიის პორტისთვის ინვესტიციების მოზიდვისთვის, არასწორი აღმოჩნდა.
ანაკლიის საერთაშორისო კონსორციუმმა, მიესალმა რა მთავრობის ძალისხმევას, გაგრძელდეს პორტის მშნებლობა და ამ პროექტის რეალიზაცია, აღიარა, რომ დათქმულ ვადებში კონსორციუმმა , ანუ ხაზარაძემ ვერ მოიძია 400 მილიონი დოლარი და ვერ შესრულდა ის დათქმები და პირობები, რაც ხელშეკრულებაში იყო. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ამაში მთავრობის ბრალეულობას. მე ხელისუფლების ხარვეზებს კი ვხედავ სხვა რაღაცაში , რომელიც ფუნდამეტურია ამ წლების განმავლობაში. ეს არის სწორი და სწრაფი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ დააგვიანა სწორი და სწრაფი კომუნიკაცია საერთაშორისო მოთამაშეებთან, ინვესტორებთან. ჯერ კიდევ გვიანი არ არის და ელჩებს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს უნდა განუმარტონ, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, სიტუაცია როგორია, როგორი პერსპექტირვებია და კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის ხაზი გაუსვან, რომ ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი საერთაოშრისო პროექტი და ეს გაგრძელდება. ანუ, დაარწმუნონ ჩვენი საგარეო პარტნიორები და მეგობრები ამაში“- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში დაწერა, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.
„თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის გარდა ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის TBC ბანკისთვის.
თამუნა შეყილაძე