ზურაბ ჭიაბერაშვილი: ნებისმიერ საერთაშორისო რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება კარგია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესებას აფასებს.
„ნებისმიერ საერთაშორისო რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ საკითხავია, რის ხარჯზე მოხდა ეს და შეგვეძლო თუ არა ამის მიღწევა უფრო ადრე? ერთი მხრივ, უნდა ითქვას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამისთვის საკმაოდ მძიმე ფასი გადაიხადეს, როდესაც აქცისზე ფასი გაიზარდა. მეორე მხრივ, სწორი რეფორმების შემთხვევაში, ამ შედეგის მიღება უფრო ადრე შეგვეძლო. გარდა ამისა, საკითხავია რაში ვიყენებთ სუვერენულ რეიტინგებს? პირველ რიგში, ეს ინვესტიციების ზრდაზე უნდა აისახოს. რეალურად კი 2018 წელს დაფიქსირდა ინვესტიციების შემცირება 2017 წელთან შედარებით. ბანკის პროცენტების დაწევაზე როცაა საუბარი, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არასწორი საბანკო რეგულაციების გამო, პირიქით, ეს პროცენტები უფრო მაღლა მიდის. ანუ ერთმანეთს არის აცდენილი ის, რაც უდავოდ დადებითია და ის, რაც აქედან ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სარგებლის სახით“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის FitchRatings-ის მიხედვით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები