თბილისის გმირი დამცველები: როგორ გადაეფარა რუსი ბოლშევიკების ტყვიამფრქვევს შალვა ერისთავი
98 წლის წინ, თბილისის დაცვისას გმირულად დაღუპულ შალვა ერისთავს ფეისბუქგვერდი „რესპუბლიკა“ იხსენებს.
„1921 წლის 24 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან და კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ბოლშევიკებისაგან დედაქალაქის ხსნას ცდილობენ.
სხვებთან ერთად, 18-24 თებერვალს, თბილისის დასაცავად იბრძვის 24 წლის შალვა ერისთავიც.
იუნკრებმა, 17 თებერვალს, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორის ტაბახმელას მონაკვეთი დაიკავეს. ბოლშევიკებმა ამ მონაკვეთში შეტევა 19 თებერვალს დაიწყეს, თუმცა 19-23 თებერვლის ბრძოლებში ქართული არმიის, გვარდიისა და სამხედრო სკოლის მებრძოლებმა მათი შეჩერება მოახერხეს.
24 თებერვალს ტაბახმელაზე რუს ბოლშევიკებს იერიში მიაქვთ. სანგრებში შემოპარული რუსი ბოლშევიკების უკუსაგდებად ქართველ მებრძოლებს გზა რუსის ტყვიამფრქვევმა გადაუღობა.
შალვა ერისთავი ცნობილი მორბენალი და ფეხბურთელი იყო. ტყვიამფრქვევამდე მანძილი სწრაფად გაირბინა, მიეჭრა და ხიშტზე წამოაცვა რუსი მემიზნე ოფიცერი. ტყვიამფრქვევზე საკუთარი სიცოცხლე დატოვა, თუმცა ამით დაეხმარა იუნკრებს, კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ.
„შალვა!“ – ღრმად მოხუცებულ სიკვდილის სარეცელზე მყოფ ანიტას ბოლო სიტყვად ამოხდომია, ქალს, რომელიც სხვას გაყოლილი მთელი ცხოვრება საიდუმლოდ ატარებდა ტაბახმელას ბრძოლის გმირის სიყვარულს.
შალვა ერისთავი ვერის ძველ სასაფლაოზე დანიელ ჭონქაძის გვერდით დაკრძალეს. მოგვიანებით ვერის სასაფლაო ლავრენტი ბერიას თაოსნობით გაანადგურეს, იქ ვერის ბაღი გააშენეს და საფლავების ქვები მიმდინარე მშენებლობებისას საშენ თუ მოსაპირკეთებელ მასალებად გამოიყენეს“, – წერს გვერდი „რესპუბლიკა“.