ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა

21-22 ტებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებუსა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-18 სესია გაიმართა.

პლენარული და საკომიტეტო სხდომების ფორმატში 56 ქვეყნის პარლამენტის 300-მდე წევრმა ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და საარჩევნო პროცესების თაობაზე მოხსენებები მოისმინეს და დისკუსიები გამართეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მიიღეს. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს და საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,ძალიან აქტიური და დატვირთული ზამთრის საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა და ეუთოს რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე საინტერესო დებატები გაიმართა. დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, მიმემართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისათვის, სადაც ყურადღება გავამახვილე, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების პრინციპულ პოზიციას, რათა რუსეთმა საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. მათი შესრულების უზრუნველყოფა კი მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს,”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მნიშვნელობაზე გიგი წერეთელიც საუბრობს.

,,ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ბევრი საინტერესო საკითხი განვიხილეთ. მე, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციებს შევხვდი, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, კერძოდ, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ მწვავედ დაისვა ის საკითხები, თუ რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თემები და ამ პროცესებში ჩვენი პარტნიორების ჩართულობის საკითხები. ვფიქრობ, რომ ღირებული დისკუსიები გაიმართა, რომელთა შედეგები რამდენიმე თვეში კონკრეტულ რეზოლუციებში აისახება,”- განაცხადა გიგი წერეთელმა ზამთრის სესიის შეფასებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები