ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძე არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა

დეპუტატი ეკა ბესელია მოითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადოს.

როგორც ბესელიამ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დაცვა ვერ შეძლო.

„მე არ ვაპირებდი დღეს ამის თქმას და დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც და ახლაც ცოტა ხნით დავინდობ, ვიდრე აქ არ ზის, მაგრამ ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე. მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და არ შეიძლება იმ 10 კაცის, დიახ, სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა“, – განაცხადა ბესელიამ.

მან უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, რას ეტყოდნენ დღეს რომ სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ან ბუტა რობაქიძის მშობლები ყოფილიყვნენ.

„ახლა რომ ამ დარბაზში იყოს სანდრო გირგვლიანის დედა, ბუტა რობაქიძის მშობლები, რომელიც გარედან უყურებენ სხდომას და აქ არის მგონი ირაკლი ხომასურიძე, რომელსაც თვალი ამოთხარეს, რას ეტყოდით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან? ამას ეტყოდით? თურმე ვერ გებულობს რაზე ველაპარაკებით, ოღონდ უნდა, რომ ეს ინიციატივა გავიდეს. ვინ ვერ გაიგო, ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ამ სკამებით და კომფორტით არ მთავრდება ეს ქვეყანა“, – მიმართა ბესელიამ უმრავლესობას.

მისი თქმით, პოლიტიკოსი წარსულით იზომება. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ზოგი „ჩირგვებში იჯდა“.

„პოლიტიკაში არის წარსული და წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც. ის ადამიანები, როდესაც ჩვენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლიმოგლს ჭამდა, ოღონდ ცუდი არ არის გოგლიმოგლი, უდროო დროს არ უნდა მიირთვა, ზოგი იმ ჩირგვებიდან ისროდა. ის ადამიანები, რამდენიმე აი, ამ გუნდში აღმოჩნდნენ, ეს 2016 წლის შედეგებია. საკუთარი თავი დაინახოს ყველამ“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას არასოდეს ექნება საერთო ადამიანებთან, რომლებსაც სამართლიანობა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა სჭირდებათ.

„არასოდეს მექნება საერთო „ოცნებას“ დაირქმევს ახლა ის ადამიანი თუ „სუპერ ოცნებას“, არასოდეს მექნება საერთო. არასოდეს ვიქნები იმ ალიანსში და არასოდეს ვიქნები იმ სათავეებთან, სადაც ის ადამიანები არიან, ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება. კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა „შპარკალგები“ რომ მოდიოდა იმ მუხლებში, რომელიც მოსამართლეებს ეხებათ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, მე მის მაგივრად მოვუხადე ბოდიში კოლეგებს, რაც მან დღეს აქ იკადრა ან ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე განწესებული.  თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ ეს როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ ბოლომდე ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამისი. ყველა ვნახავთ ამ შედეგს, რა იქნება საბოლოოდ“, – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავინ ვერასოდეს წასულა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვსლისას განაცხადა, რომ „კონსენსუსი, რომელიც ამ დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები