ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი ღიაა როგორც „თი-ბი-სი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკისათვის

“ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მას აკისრია სრული პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, საბანკო კანონმდებლობის დაცვაზე, აღნიშნული სფეროს მდგრადობასა და სტაბილურობაზე, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე”,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანმიმდევრულად გამოიყენოს მთელი რიგი სანქციები,.
ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ,,თი-ბი-სი ბანკი“ ერთ-ერთი ლიდერი კომერციული ბანკია არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ რეგიონშიც.
მისი თქმით, ბანკის აქციონერები არიან ისეთი ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა J.P. Morgan Chase Bank და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD); „თი-ბი-სი ბანკი“ ლონდონის ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში შემავალი საჯარო კომპანიაა. მისი კაპიტალის დონე, ლიკვიდობის ხარისხი, სტაბილურობა და მდგრადობა დადასტურებულია როგორც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების, ასევე თავად ეროვნული ბანკის მიერ.
„ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასევე იმიტომ რომ საფინანსო სექტორს არ უყვარს ხმაური, მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა და „თი-ბი-სი ბანკმა“ ერთობლივად უნდა იმუშაონ სამართლებრივ ჩარჩოებში და საკითხი დაარეგულირონ ობიექტურად და წმინდა პროფესიონალურად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. ჩვენ მოვისმინეთ, „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადება, რომ აქვთ სურვილი, პარლამენტს წარუდგინონ გარკვეული მასალები. მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტი ღიაა, უშუალოდ კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზადაა, მოაწყოს შეხვედრა როგორც „თი-ბი-სი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები