„თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს“

 

„ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციისაკენ ნაბიჯები 2019 წელს უკვე გადაიდგა და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის უფლებამოსილება. მათვე გამოეყოთ 40 მილიონი ლარი სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.
ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში 2019 წლიდან შეიცვალა ტრანსფერის ფორმულა. მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხა დაუკავშირდა დამატებითი ღირებულების გადასახადს და ძველი მოდელისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების ზრდა აღარ იწვევს ტრანსფერის შემცირებას.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მუდმივად მზარდია და პირდაპირ მიბმულია ქვეყნის ზრდის პროცენტულ ზრდასთან. „ახალი მოდელის შემოღების შედეგად მუნიციპალიტეტების დაფინანსება 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 13%-ით, რაც დაახლოებით 105 მლნ ლარს შეადგენს. 50 მუნიციპალიტეტისათვის მოხდა თანხის 25%-ით გაზრდა. მათ შორისაა ახმეტის, ხობის, ყვარელის, სიღნაღის, ახალციხის, ტყიბულის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ქედას, მესტიის მუნიციპალიტეტები“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები