ლევან გოგიჩაიშვილი: ოღონდ საქმე გააკეთონ და გვერდით გავიწევით, მოგვცენ გარანტია, რომ ჩინჩალაძეს უვადოდ არ აბარებენ სასამართლოს

“ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გვერდზე გავიწევით, მოგვცენ იმის გარანტია, რომ ჩინჩალაძეს უვადოდ არ აბარებენ სასამართლოს”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა ორჯერ შედგა.​
„მოგვცენ იმის გარანტია, რომ ჩინჩალაძეს არ აბარებენ უვადოდ სასამართლოს. რას ნიშნავს კანონპროექტს ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან, ინიციატივას ვინ გამოიჩენს. ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გვერდზე გავიწევით. პრობლემა არ არის, ამას ჩემთვის კი არ ვაკეთებ. თუ რამის გაკეთება უნდოდათ, ვფიქრობ, მორატორიუმი პირველი პასუხია ამაზე. განცდა, რომ ჩინჩალაძეს ვიღაც დასანიშნი ჰყავს და იმ მოსამართლეს რა ეშველება, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანში ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხოს.
ჩვენ ორივეჯერ ვთქვით, რომ კანონპროექტს მოვამზადებდით და ამ კანონპროექტს პარლამენტში ინიციატივის სახით შევიტანდით. არც იმ ადამიანებს არაფერი არ უთქვამთ, ვინც დღეს ერთმანეთს ვერ ასწრებენ თქვან, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია ან სასამართლოს პრობლემა ექმნება. ერთი სიტყვა ვინმეს გულწრფელად რომ ეთქვა ჩავთვლიდი, რომ მართალი არ ვარ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც ცხრა დეპუტატმა მოამზადა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები