ეკა ბესელია: საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მართლმსაჯულება უვადოდ ვანდოთ იმ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც სისტემურად ვერ შეიცვალა

იუსტიციის საბჭო რომ პარლამენტს არ ელოდება და რვა მოსამართლეს უვადოდ ნიშნავს, ეს ინსტიტუციური უპატივცემულობაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„იუსტიციის საბჭომ 14 თებერვალს კიდევ რვა მოსამართლე გაამწესა უვადოდ. ეს მაშინ, როცა იცის, რომ პარლამენტი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ინიციატივის შეჩერების საკითხს იხილავს და არავინ იცის, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს ჩვენს ინიციატივას. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მე არ მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო, პოლიტიკური ორგანო და მოდი, ჩქარა მოვასწრო, რაღაცის გაკეთება მინდა. აი, ეს სულსწრაფობა იყო მთავარი მიზეზი, რომლითაც დაიწყო ეს პროცესი დეკემბრის ბოლოს“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას ეგონა, რომ ამ გაკვეთილს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა პოზიტიურად და რაციონალურად გამოიყენებდა, მაგრამ პროცესი ისეთი ინერციით მიდის, ჯერ არ ჩანს, რომ ისინი მოვლენებს სწორად აფასებენ.

მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ძალიან მაღალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის ფუფუნებაა და რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მართლმსაჯულება უვადოდ ვანდოთ იმ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც სისტემურად, გვარ-სახელობითად ვერ შეიცვალა.

„გამოჩნდა, რომ მზად არ ვართ. ვატარებთ რეფორმებს, გვაქვს პროგრესი და რაღაც დინამიკაში ჩანს, რომ სტატისტიკა უმჯობესდება, მაგრამ სურათი საკმაოდ რთულია“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატმა ასევე დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე მსჯელობა კონსტიტუციის განხილვის დროსაც იყო.

„ეს პროცესი დიდწილად, პარლამენტის თავმჯდომარეს მიჰყავდა და მას ამ პროცესში სრული ავტონომია ჰქონდა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნის საკითხზე მსჯელობა იყო. თუმცა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების იდეა არ იყო ახალი იდეა. უბრალოდ, ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვისაც დაიშვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები