ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა შერჩევაზე ჩვენი ხედვა სწორი გზაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესზე და ასევე, კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას შეეხება.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იგი ევროკავშირის ელჩს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესზეც ესაუბრა.
„მე მას ავუხსენი ჩვენი ხედვა, რომელიც ჯერი კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ხანგრძლივი და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისადმი. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი მიმართულება და მან ამ რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღგვითქვა”, -აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე კარლ ჰარცელს დეტალურად გააცნო ის პრობლემატური საკითხები, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას შესახებ კანონპროექტს უკავშირდება.
„ბატონ ელჩს დეტალურად ავუხსენი თუ რაში მდგომარეობს ამ კანონპროექტის არსი და ავუხსენი ის პრობლემატური საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა ამ კანონპროექტს. მან მოისმინა არგუმენტები და დამეთანხმა იმაში, რომ ნამდვილად შეიქმნებოდა სამართლიანობის პრობლემა თუკი ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერდით, ვინაიდან თუ ადამიანი არის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი და სულ ახლახან შევიდა სასამართლო სისტემაში და დაინიშნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, რა უფლებით შეგვიძლია ჩვენ მას შევუზღუდოთ უფლება დაინიშნოს უვადო წესით. ასევე, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციას, სამართლიანობას და ეს პოზიციები მე მას გავუზიარე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები