შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.
„პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ხუთი პირი, რომელთაგან 4 დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ.
დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ., 1985 წელს დაბადებული დ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა პირების მეშვეობით, უკანონოდ ახდენდნენ“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები