ანრი ოხანაშვილი: „თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა და დრამატიზება, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს
„თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა და დრამატიზება, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, საზოგადოებამ მათზე გამჭვირვალე პასუხები უნდა მიიღოს.
„თუკი არსებობს ლეგიტიმური კითხვები, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გამჭვირვალე პასუხები. ამ პროცესის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა და დრამატიზება, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს, რადგან ეს არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი საკითხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.