მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, მიუნხენს 15-17 თებერვალს ეწვევა.
მათივე ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ნატო-ს უკავშირდება.
ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის – კოლეგებთან და კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია შედიან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი საკითხები, წელს, ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა. კონფერენციის ფარგლებში დისკუსია, ასევე, შეეხება შეიარაღების კონტროლის საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლო გადაკვეთის წერტილებს ისევე, როგორც  – კლიმატის ცვლილების ეფექტსა და ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.
მიუნხენის კონფერენციაში, წელს, 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 50 ქვეყნის საგარეო საქმეთა და 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები