„ეს პრობლემის გადაჭრის გზა კი არა, კედელია” – ბექა მინდიაშვილი გიორგი ქადაგიძისა და დაანონსებული აქციების შესახებ

 

„ვფიქრობ, ყველაზე დიდი უღირსობა არის შენი მიზნის მისაღწევად, სურვილების დასაკმაყოფილებლად, შურის საძიებლად, სხვა ადამიანების გამოყენება და გაწირვა”, – ასე გამოეხმაურა ბექა მინდიაშვილი ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს დაიწყება და 24-საათიან რეჟიმში წარიმართება. სტუდენტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, სასწავლო დაწესებულებაში ყოფილ რექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ისინი გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებასა და ბიზნესსკოლისთვის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. აცხადებენ, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
სტუდენტების ნაწილის პროტესტს კრიტიკულად აფასებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და ის თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“ახლა წავიკითხე, რომ დღეს, 22 საათზე, ილიას სტუდენტების ჯგუფი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საშიმშილოდ დაჯდება. ვფიქრობ, ყველაზე დიდი უღირსობა არის შენი მიზნის მისაღწევად, სურვილების დასაკმაყოფილებლად,  შურის საძიებლად, სხვა ადამიანების გამოყენება და გაწირვა. ასეთია, მაგალითად, იმ პროფესორის ქცევა, რომელიც სტუდენტების შიმშილობით იმუქრება, ან, თუნდაც, ყველაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინოს. თავი დავანებოთ იმას, რომ შიმშილობა უკიდურესად არალეგიტიმურს ხდის ყველა მოთხოვნასა და წამოწეულ პრობლემას და რომ ეს პრობლემის გადაჭრის გზა კი არა – კედელია. აი, საერთოდ, როგორ უნდა ენდო რაიმეში ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ თავისი ულტიმატუმებით, მხოლოდდამხოლოდ, სტუდენტების კეთილდღეობაზე ზრუნავს მაშინ, როცა მისივე სტუდენტები საშიმშილოდ აპირებენ დასხდომას?“, – წერს “ფეისბუქში” ბექა მინდიაშვილი.
აღსანიშნია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქადაგიძის დაბრუნების მოთხოვნას სასწავლებლის ლექტორთა ნაწილიც ემხრობა. თავად ყოფილი რექტორი კი მიიჩნევს, რომ „ეს ჯანსაღი პროცესია, რომელიც სტუდენტებმა დაიწყეს და, აუცილებლად, მათი გამარჯვებით დასრულდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები