რისთვის და რატომ მიანიჭეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჩემი ძმის – ლევან სამხარაულის წოდება?!..

 სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის ეროვნული ბიურო ლევან სამხარაულის სახელს უკავშირდება.  რისთვის ან რატომ მიანიჭეს ამ ორგანიზაციას ლევან სამხარაულის სახელობის წოდება? აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლევან სამხარაულის და, ნუკი სამხარაული, ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს.

,,ლევან სამხარაული იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2004 წელს.
2004 წლამდე სასამართლო – საექსპერტო ფუნქციები სხვადასხვა უწყებაში იყო გაბნეული, რაც ართულებდა სფეროს ადმინისტრირებას. სასამართლო ექსპერტიზის გაერთიანების მცდელობა არაერთხელ იყო, თუმცა ამას ხელს უშლიდა იმდროინდელი ხელისუფლების არაგუნდურობა და პოლიტიკური ნების არარსებობა.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში გაერთიანებული იყო კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, საინჟინრო – ტექნიკური, საბუღალტრო და სასაქონლო ექსპერტიზები. სასამართლო – ფსიქიატრიულ, სასამართლო – სამედიცინო და ნარკოლოგიურ ექსპერტიზებს კი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააქციო საზოგადოებების ფორმით არსებული ინსტიტუტები ახორციელებდნენ.
2004 წლის 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა ლევან სამხარაულმა განაცხადა, რომ „სასამართლო ექსპეტიზის სფეროში დღეს კატასტროფული მდგომაროებაა. მოშლილია ინფრასტრუქტურა და არ არსებობს შესაბამისი აპარატურა სხვადასხვა ექსპერტიზის ჩასატარებლად. განსაკუთრებით მძიმე ვითარება სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზაშია, რომლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მინიმუმ 2,5 მილიონი ლარია საჭირო“. 
ლევან სამხარაულის აქტიურობითა და დაუღალავი მოლაპარაკებების წარმოებით, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სფეროს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოუცხადა დახმარება როგორც მატერიალურად, ასევე ტრეინინგებით.
ლევან სამხარაულის ხელმძღვანელობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი ერთ სტრუქტურაში – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაერთიანდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა. ფაქტიურად, ლევან სამხარაულის განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა ახალი უწყება, რომელიც მას შემდეგ მაღალი ნდობით სარგებლობს როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, კომერციულ და არაკომერციულ დაწესებულებებში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებში.
ლევან სამხარაული 2005 წლის 22 მაისს გარდაიცვალა.
2006 წლის 7 აპრილის პრეზიდენტის ბრძანებულებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლევან სამხარაულის სახელი მიენიჭა.
ექსპერტიზის ერთიანი სისტემის შექმნის შემდეგ ყველა საექსპერტო მომსახურებას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეწევა დღემდე და ასეთი გაერთიანებული ექსპერტიზის ფუძემდებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო ლევან სამხარაული, რომელსაც ქვეყნისთვის კიდევ მრავალი საინტერესო და წარმატებული რეფორმის განხორციელება არ დასცალდა,“- წერს ნუკი სამხარაული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები