საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის ურთიერთთანამშრომლობის სამი მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „კვირას“ ტექნიკური უნვერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავების გადაწყვეტილება, 2018 წლის აგვისტოში, ქართულ-იაპონურ სამეცნიერო შეხვედრაზე მიიღეს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოკუმენტების ხელმოწერას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი; იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორი და COMET- ექსპერიმენტის მენეჯერი, სატოში მიჰარა ესწრებოდნენ.
მემორანდუმები სოკენდაისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებს მოიცავს.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, იაპონიის მხარესთან მემორანდუმების ამოქმედებით უნიკალური შესაძლებლობა იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ისეთ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ – საქართველოსთვის. დღეს სამ მემორანდუმს მოეწერა ხელი და სამივე მიზნად  მნიშვნელოვანი პროექტების ამომოქმედებას ისახავს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. მემორანდუმები ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მეცნიერები  აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო პროექტებში და რომ ეს უნივერსიტეტი მოწინავეა, ამ კუთხით. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მომავალი კვლევითი სამუშაოების გასახორციელებლად, რაზეც განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ. მეცნიერება კი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მარტის ბოლოს, დაგეგმილია დიდი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა, რომელზეც ქართული მეცნიერების განვითარების კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ. დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს მეცნიერება და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი, უფრო მეტად, ქართველ მეცნიერებს, რომ ბევრ წარმატებულ საერთაშორისო პროექტში იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პირველი მემორანდუმის საგანი, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივად მომზადებას ეხება. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.
მეორე მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს აღიარებს.
მესამე მემორანდუმი საქრთველოს ტექნიკურ და სოკენდაის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ეხება.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში. რექტორის თქმით, მემორანდუმების ამოქმედება დიდწილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც. ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

„მემორანდუმებში საუბარია იმაზეც, რომ გახორციელედება სადოქტორო ორმაგი პროგრამა და ცალ-ცალკე გაიცემა დოქტორის დამადასტურებელი ხარისხი როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე – სოკენდაის უნივერსიტეტის მიერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიური უნივერსიტეტისთვის, ვინაიდან საუბარია მაღალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ფიზიკაზე. ამ მიმართულებით, მოხდება ერთობლივი პროგრამების დამუშავება და ჩვენი მკვლევარები აქტიურად ჩაერთვებიან იმ ფანტასტიკურ ლაბორატორიულ სივრცეში, რომელიც იაპონელებს აქვთ. მოხარულები ვართ, რომ ეს მემორანდუმები უკვე ხელმოწერილია“, – აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.
მემორანდუმების ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველს, KEK-ის პროფესორს, COMET- ექსპერიმენტის მენეჯერს, სატოში მიჰარას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იაპონელ მეცნიერს ჯილდო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები