დიდუბის რაიონის გამგებელი: ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა

„ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა“, – ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის კომენტარისას განაცხადა.
თუმცა, გამგებელი არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულებს, კანონის ფარგლებში, მესაკუთრესთან ერთად დაეხმაროს. ირამ ზავრადაშვილის განცხადებით, ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ, პირველ ყოვლისა, უნდა გაირკვეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მისივე თქმით, იმ შენობის მესაკუთრე, რომელშიც მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა იყო განთავსებული, შემთხვევის ადგილზეა და მის ინტერსებშია გაირკვეს, რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი.
„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ლაპარაკი. რაც შეეხება მდგომარეობას – დამწვარია საწყობი, რომელიც კაპიტალურად იყო გაკეთებული. დაზიანებულია მეორადი ტანსაცმლის ნაწილი და სარეცხი საშუალებები. სანამ გამოძიება ინფორმაციას არ დადებს, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლი არ არის, თუმცა დაკვამლიანება შეინიშნება. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. აქ არიან მეპატრონეებიც, „თელასისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. ჯერჯერობით, არ ვიცით, რამდენი პირია დაზარალებული. ამ ბაზრობის ხელმძღვანელობას მსგავსი შემთხვევა ერთი წლის წინაც ჰქონდა და ბევრი გაუკეთეს თავის მოვაჭრეებს. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ არის დაზარალებული და რა ზარალზეა ლაპარაკი. შემდეგ კი, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. თუმცა, ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა და, როგორც აქამდე ვეხმარებოდით კანონის ფარგლებში, ასევე დავეხმარებით – მეპატრონესთან ერთად. ხანძრის სხვა ფართზე გადასვლის საშიშროება, ამ წუთებში, აღარ არის – ცეცხლი ლოკალიზებულია“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობის მე-3 სართულზე, სადაც მეორადი ტანსაცმლის საწყობი მდებარეობდა, ხანძარი გაჩნდა. ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია. თუმცა, ხანძრის კერების ჩაქრობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები