მარიამ ჯაში თსუ-ის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარიამ ჯაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრეებს უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ღონისძიება გაიხსნა სამეცნიერო სემინარით – „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?”

სემინარი ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული ტურიზმის განვითარებას, ძველი ისტორიული ქალაქების თანამედროვე ქალაქად წარმოჩენას ეხებოდა. ის სხვადასხვა დარგის ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

„მინდა, ხაზი გავუსვა იტალიასთან იმ უნიკალურ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით. დღევანდელი დღე არის ნაწილი იმ სემინარების სერიიდან, რომელიც ეძღვენება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის გამოცდილების გაზიარებას. თუკი რომელიმე სახელმწიფოსგან შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა და პარალელურად უზრუნველყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იტალია არის ის ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო პარტნიორთა სიაში მოვიაზრებთ. იტალია არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი ჩამონათვალის სამშობლო და ქვეყანა, რომელმაც შეძლო ტურიზმის განვითარების პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და დაცვა,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვისა და მათ შესახებ ტურისტებისთვის უტყუარი ისტორიული ცნობების მიწოდებასთან დაკავშირებით კომიტეტის ინიციატივაზეც ისაუბრა.

„ისტორიკოსებთან ერთად მუშავდება ახალი ინიციატივა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ორენოვან საინფორმაციო და საანოტაციო დაფების სავალდებულო განთავსებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიღებისგან დაიცავს”,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემიურ პერსონალსა და თანამშრომლებს 101 წლის იუბილე მიულოცა და საზოგადოებრივი ცხოვრების გზაზე უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები