გიორგი კვირიკაშვილი – ინფორმაციის გაცემაზე არავისთვის უარი არ გვითქვამს
გიორგი კვირიკაშვილი გაკვირვებულია, თუ რატომ დასახელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ სამინისტროდ.
“ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან არავისთვის უარი არ გვითქვამს არანაირ ინფორმაციაზე. ხანდახან არის ძალიან უცნაური მოთხოვნები. მაგალითად, პირადი მიმოწერის გასაჯაროება. თუ ასეთი რამეა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში, ვერ გეტყვით. რომელიმე ქვეყანა თუ იცით თქვენ, სადაც მინისტრის თუნდაც სახელმწიფო ოფიციალურ მეილზე მიმოწერა შეიძლება გასაჯაროვდეს? თუკი ასეთს მეტყვით, კი ბატონო, ვიტყვი, რომ რაიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ მგონია, რომ ყველა მიმოწერაში არის პირადი და ოფიციალური ნაწილი და არა მგონია, სწორი იყოს პირადი მეილის გასაჯაროება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან იყო ასეთი მოთხოვნა და მან უარი უთხრა.
“დანარჩენი მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა რაიმეზე, მივლინებებზე, საბიუჯეტო დანახარჯებზე ინფორმაციაზე უარი გვეთქვა, ამიტომ ვარ ძალიან გაკვირვებული, რაღა დაგიმალოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შსს, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებად დაასახელა.