ბიძინა გეგიძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოთა კავშირის დროინდელი სხდომები გამახსენა
„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს ნეგატიურად აფასებს.
„ერთი თვე გავიდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციანი სია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ პასუხობს არც ერთ სამართლიან მოთხოვნას. წარმოდგენილი კანდიდატების წინააღმდეგია საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. კანდიდატებს მხარს უჭერს სიაში შემავალი ათი ადამიანი, მათი მეგობრები და ნათესავები, ხოლო ჩვენი მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ბოლო ერთი თვე ჩემს კოლეგებთან ერთად ვითხოვ პროცესის გამჭვირვალობას, შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, 24-25 იანვარს გამართული სხდომის შემდეგ, 26 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროინდელი სხდომები გამახსენა, გუშინ წინ კი შედგა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პროცესი უნდა ყოფილიყო ღია, გამჭვირვალე და პროგრესული, თუმცა, რაც ვნახეთ, უპერსპექტივოა და სრულ უნდობლობას იწვევს“,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
მან აღნიშნული პროცესი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს შეადარა, რამაც მოსახლეობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გაუჩინა.
„როგორც აღნიშნულ საქმეზე შექმნილმა კომისიამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, ასევე, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ეს ფორმატი ვერ მოიტანს შედეგს, რასაც ელოდება ჩვენი ამომრჩეველი. ამ ჯგუფში თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონაწილეობს, რომელსაც აღარ გააჩნია რესურსი, პროცესში შეიტანოს პოზიტივი. აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის ეს ჯგუფი ვერ შეიმუშავებს ვერანაირ კრიტერიუმებს და მთელი ეს პროცესი არის უპერსპექტივო. ამიტომ, აუცილებელია ისეთი ფორმატის შექმნა, რაც პროცესის მიმართ გააჩენს ნდობას.
სასამართლოსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები არის ეროვნული ინტერესების ტოლფასი საკითხი, რადგან სამართლიანობის აღდგენა არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, ეს არის განცდა სწორი გადაწყვეტილების, მოქმედებებისა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემის მიმართ აღდგენილი ნდობის, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო პირებმა უნდა იმოქმედონ სახელმწიფო და არა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო,“ – აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.