საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებს ეკონომიკის სამინისტრომ უმასპინძლა
პროექტზე „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, უწყების წარმომადგენლებმა და საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებმა დისკუსია გამართეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წარმომადგენელმა მალხაზ არზიანმა მიაწოდა.
როგორც მალხაზ არზიანმა განაცხადა, შეხვედრაზე სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართლებებზე ისაუბრეს. მისი თქმით, აკადემიის მსმენელებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც უწყების განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მინისტრის მოადგილეები: ქეთევან ბოჭორიშვილი და მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს აკადემიის მსმენელებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსია ევროკავშირის ქვეყნებთან ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის საკითხებზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო პროექტების განხორციელებისათვის.