1-დან 19-წლამდე ასაკის პირთათვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება
ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-დან 19-წლამდე ასაკის პირებისათვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება.
როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს.
„21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელას 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ წითელას პრევენციული ღინისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს.
ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19-წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40-წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ“, – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.
ამასთან, ეკატერინე ადამია განმარტავს, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო.
„განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო“, – აღნიშნა ადამიამ.