ლევან მურუსიძე: საზოგადოებაში მოსამართლეების მიმართ სიძულვილს თესავენ
„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შურისძიება იმ ადამიანებზე, მათ შორის, ჩემი ჩათვლით, რომლებმაც მოახერხეს ის, რომ სასამართლო გახდა დამოუკიდებელი, წამოვიდა დამოუკიდებლობის გზაზე, ამიტომ მათ უნდათ, რომ „ოცნების“ ხელით მოხდეს ჩვენი დასჯა“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ტოქშოუში „პირისპირ“ მოსამართლე ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, მოსამართლეების მიმართ საზოგადოებაში სიძულვილს თესავენ.
„ჩვენს წინააღმდეგ მიდის შავი პიარი, საზოგადოებაში მოსამართლეების მიმართ სიძულვილს თესავენ, მოსახლეობას აძულებენ მოსამართლეებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუ არ ვცდები „გამჭირვალობამ“, გამოაქვეყნა მხოლოდ იმ მოსამართლეების ხელფასები, ვინც ხმა მისცა იმ 10 მოსამართლეს, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ უზენაეს სასამართლოში. განა იმიტომ, რომ ისინი კორუმპირებულები არიან, განა იმიტომ, რომ დაუსაბუთებელი შემოსავალი აქვთ და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებში დაეთესათ სიძულვილი ამ მოსამართლეების მიმართ. სასამართლო სისტემის მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა“, – განაცხადა მურუსიძემ.
როგორც მურუსიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხება არასოდეს ჰქონია.
„ჩემზე ამბობენ, რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლე. თქვენ შეგიძლიათ, ჩამოთვალოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, თუნდაც 50 და მე გეტყვით, რომ მათთან არასდროს არავითარი შეხება არ მქონია. არასდროს ვიცნობდი ადეიშვილს, არასდროს შევხვედრივარ მას, არასდროს მქონია შეხვედრა მერაბიშვილთან, უგულავასთან, დათო ბაქრაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მქონდა მხოლოდ ფიცის დადების დროს“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.