კახა კალაძე: უგულავა ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ყოფილი მერი მისი გამონათქვამების გამო კი არ უნდა იხდიდეს ბოდიშს, არამედ, რაც ქალაქში შეცდომები დაუშვა, იმის გამო.
“2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც დაახლოებით, 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, თბილისისა და თბილისელებისთვის არის ძალიან მძიმე. იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. იყო დავები სასამართლოში. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი, რომელიც იქნა შეტანილი წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა. უბრალოდ, მინდა, მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი გამოდის, მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას, ძირითადად, ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომებიც აქვს დაშვებული.
დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება, მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი “ნაღმი” აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, – განაცხადა კალა კალაძემ.