საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ევროპის საბჭოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან, საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპის ცენტრის (ECPRD) თანადირექტორთან, ჰორსტ შადესთან და საპარლამენტო პროექტების მხარდაჭერის განყოფილების სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილესთან, ალესანდრო მანჩინისთან გამართა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს შორის საუბარი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ წარიმართა. გივი მიქანაძემ დეტალური ინფორმაცია ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს იმ ძირითადი გამოწვევებისა და საჭიროებების თაობაზე მიაწოდა, რომელთა განსახორციელებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი.
ევროპის საბჭოს წარმომადგნელებმა საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ მათ განხორციელებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და საპარლამენტო პროექტების მხარდაჭერის განყოფილების სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილესთან მოლაპარაკების შედეგად, უახლოეს მომავალში, დაიგეგმება საქართველოს პარლამენტის აპარატის და სსიპ “საპარლამენტო კვლევითი ცენტრის” თანამშრომელთა სტაჟირება ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და სასწავლო პროგრამების განხორციელება აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
საქართველოს აპარატის საჭიროებებს და თანამშრომელთა გადამზადების საკითხებს საუბარი ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის პროგრამირების დეპარტამენტის წარმომადგენელ სერგეი ბაზარიასთან შეხვედრაზეც შეეხო. მხარეებმა მიმდინარე წელს საქართველოსთვის არსებული ფინანსური დახმარების პოტენციალი და მხარდაჭერის სავარაუდო მიმართულებები განიხილეს, რის შემდეგაც აპარატის უფროსმა სერგეი ბაზარიას საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი აქტივობები გააცნო, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია, ევროპის საბჭოს მხრიდან ფინანსური დახმარების ფარგლებში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აპარატის უფროსმა აგრეთვე შეხვედრები ევროპის საბჭოს “განათლება სამართლის პროფესიონალებისთვის” (HELP) პროგრამის კოორდინატორთან, ევა პასტრანასთან და ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატის ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანტიე როტემუნდთან გამართა. მიღწეული შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომელი 24-25 იანვარს მონაწილეობას მიიღებს HELP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრენერთა ტრენინგში (ToT), სადაც განხილული იქნება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგია, რისი დანერგვის პროცესიც საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია. დამატებით, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტი სასწავლო ცენტრს გადასცემს უახლეს გამოცემებსა და ტრენერთა მეთოდურ სახელმძღვანელოებს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერების გაძლიერების მიზნით. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები