“ჩვენს მიმართებაში არაფორმალურ მმართველობაზე რომ ლაპარაკობენ, ევროპის ქვეყნების ძირძველი დემოკრატიების მისამართით თუ აქვთ მსგავსი “შეშფოთება-აღშფოთება?”
ექსპერტი გია აბაშიძე ევროპის მმართველი პარტიებისა და მათი ლიდერების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში პოლონეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მმართველ პარტიებსა და მათ ლიდერებზე გაამახვილა ყურადღება.
„პოლონეთი – „კანონი და სამართლიანობა” [PiS, Prawo i Sprawiedliwość]. პარტიის ლიდერია იაროსლავ კაჩინსკი, პარლამენტის [სეიმის] წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერია [2006-2007 წწ. იყო პრემიერი, მისი ძმის, აწ გარდაცვლილი, ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობისას] და არც პრეზიდენტი, მიიჩნევა პოლონეთისა და ევროკავშირის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად.
გერმანია – “ქრისტიან-დემოკრატიული” კავშირი [CDU. Christlich Demokratische Union Deutschlands]. 2018 წ. დეკემბრიდან, ანგელა მერკელის პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ლიდერი გახდა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი. 2018 წ. თებერვლამდე, 7 წელი, გახლდათ ზაარლანდის მხარის პრემიერი. 2018 წ. თებერვალი-დეკემბერი CDU-ს გენმდივანი. 2021 წ. გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, როდესაც მერკელი დატოვებს კანცლერის პოსტს, კრამპ-კარენბაუერი გერმანიის მომდევნო კანცლერი გახდება.
დიდი ბრიტანეთი – არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტიის [კოალიცია იშვიათადაა] ლიდერი ხდება პრემიერ-მინისტრი. თუ პრემიერს პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა და ჩამოაშორა ლიდერის პოსტს ანდა თავად გადადგა, პარტიის მიერ შერჩეული შემდეგი ლიდერი, საყოველთაო საპარლამენტო არჩევნების გარეშე, ხდება პრემიერი. ბოლო ასეთი შემთხვევა მოხდა 2007 წლის 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ლიდერისა და პრემიერის პოსტიდან გადადგა ტონი ბლერი, იგი ჩაანაცვლა გორდონ ბრაუნმა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბრაუნი იყო დიდი ბრიტანეთის მეექვსე პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა საპარლამენტო არჩევნების გარეშე.
რატომ ამოვქექე ეს ყველაფერი? “ფრიდომ ჰაუსის” მკვლევარი ნეიტ შენკანი [რომ დამაეჭვა მისი უზუსტობების კასკადმა] და “დანი & ძმანი” მისნი, საქართველოსთან მიმართებაში არაფორმალურ მმართველობაზე რომ ლაპარაკობენ, ევროპის ქვეყნების ძირძველი დემოკრატიების მისამართით თუ აქვთ მსგავსი “შეშფოთება-აღშფოთება?” – წერს გია აბაშიძე.