ერთი ოჯახის ტრაგედია და სამი გარდაცვლილი-ვინ არიან აფეთქებისას დაღუპულები

ნათია ციცვიძე

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დედა-შვილი და ბავშვის დეიდა გარდაიცვალნენ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ტრაგიკულად დაღუპულები არიან: ნათია ციცვიძე, მისი 4 წლის შვილი (ტყუპისცალი) და ნათიას და, ნინო ციცვიძე.
35 წლის ნათია ციცვიძე დიდ დიღომში, ახალ აშენებულ კორპუსში, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად, შარშან აგვისტოს ბოლოს გადავიდა და მე-6 სართულზე დაბინავდნენ.
“კვირას” ინფორმაციით, ნათია, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგი იყო. ის ამ სკოლაში 2013 წლიდან მუშაობდა და მოსწავლეებს ისტორიას ასწავლიდა.

გუშინ, 16 იანვარს, ტრაგედიამდე ნათიას, ოჯახში და, ნინო ციცვიძე ესტუმრა.

ნინო ციცვიძე

ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე კი სახლში ყველაზე გვიან ნათიას მეუღლეც მივიდა. კორპუსში გაზის აფეთქება 20:30 წუთზე მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ მე-6 სართულის ბინა გახლიჩა.

ადგილობრივი მოსახლის, ლადო ვახტანგაშვილის ინფორმაციით, დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია სართულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი.
მისივე თქმით, წნევამ, ასევე, მეექვსე სართულიდან ერთ-ერთი მეზობელი გადმოაგდო, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

სწორედ წნევის ტალღამ შეანგრია ნათია ციცვიძის სახლი, რომელიც შუაზე გახლიჩა, რა დროსაც 35 წლის ნათია ციცვიძე და მისი და ნინო ციცვიძე დაიღუპნენ.

რაც შეეხება პატარა ბიჭუნას, იგი შემთხვევის შედეგად კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საბედნიეროდ, ნათია ციცვიძის ორი შვილი ტრაგედიას უვნებლი გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 7 ადამიანი კი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე მერია უკვე მუშაობს და დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად დაფარავს.

იზა შაქარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები