გიორგი გოგაძე დევნილი ბავშვებისთვის გამართული სპექტაკლის ჩვენებას დაესწრო
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დევნილი ბავშვებისთვის გამართული სპექტაკლის ჩვენებას დაესწრო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ და გორის რაიონულმა პროკურატურამ, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ღონისძიება „ერთი დღე დევნილი ბავშვებისთვის“ მოაწყეს.
პროკურატურის თანამშრომლების ორგანიზებით, დევნილი ბავშვებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. საბავშვო სპექტაკლის ჩვენებას კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6-დან 12 წლამდე ასაკის ასამდე ბავშვი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა და შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს მხარდაჭერით მოეწყო, კარალეთის დევნილთა დასახლების სააქტო დარბაზში გაიმართა. გიორგი გოგაძემ და პროკურატურის წარმომადგენლებმა დევნილი ბავშვების ნახატები და თექის ნამუშევრები დაათვალიერეს.
ღონისძიების მიზანია, დევნილი ბავშვებისთვის ერთი დღის გალამაზება და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.