ლევან აბაშიძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე: დასაძრახი არაფერია იმაში, რომ ჩვენი ეკლესია არ ჩქარობს პოზიციის დაფიქსირებას

თეოლოგ ლევან აბაშიძის განცხადებით, არაფერია იმაში უარყოფითი, რომ საქართველოს ეკლესია რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ჩქარობს. ამის შესახებ აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
თეოლოგის თქმით, საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორი და გონივრულია.
“ოფიციალურად გამოცხადდა უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა გამოაცხადა, ხელი მოაწერა შესაბამის საბუთს. საკითხი იმაშია, რომ არსებობს დავა. ერთის მხრივ, ესაა მოსკოვის საპატრიარქო, რომელშიც შედიოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა აღიარებდა ამას. ეს მხარე ამბობს, რომ ავტოკეფალიის მინიჭება მოხდა უკანონოდ. მეორე მხარე – მსოფლიო პატრიარქი ამბობს, რომ ეს მოხდა სავსებით კანონიერად. საქმე გვაქვს დავასთან. პირადად მე, რომელ მხარეს ვარ ამ დავაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია აღვნიშნოთ, რომ ერთიანი პოზიცია მართლმადიდებელ ეკლესიებში არაა. მთავარი აქ არის უკრაინელი, მართლმადიდებელი ერის, ეკლესიის პოზიცია. ჩვენ როცა ვამბობთ, რატომ არ ჩქარობს ჩვენი ეკლესია, თავს რატომ იკავებს, ერთი ისაა, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, სხვა ეკლესიების პოზიცია. მთავარია, ჩვენ არ ვიცით უკრაინელთა პოზიცია. ბევრი უკრაინელი ამბობს, რომ ეს არის დადებითი მოვლენა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა და არ ვაპირებთ გადასვლას. არც სამღვდელოება ჩქარობს. ვხედავთ, 95 ეპისკოპოსიდან ჯერ მხოლოდ ერთი გადავიდა. როდესაც გვეუბნებიან, რატომ არ აღიარეს ჩვენმა საპატრიარქომ, ან პოლიტიკოსებმა, არავის მოსდის აზრი, თავად უკრაინელები როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს.
ჩვენი ეკლესია რომ არ ჩქარობს, ამაში არც უარყოფითია არაფერი, არც განსაკუთრებული შიში. ჩემი აზრით , ეს არის საკმაოდ სწორი და გონივრული პოზიცია.
მოდი, შევხედოთ ჯერ სხვა ეკლესიები რას ამბობენ. სხვა ეკლესიებს როცა ვამბობთ, ის კი არ არის, რომ ბოლოში უნდ ვიყოთ და მაჩანჩალები ვართ, არის ეკლესიები, რომლებიც გეოგრაფიულად უფრო ახლოს არიან უკრაინასთან, მაგალითად, რუმინეთის ეკლესია. უკრაინის გარკვეული ტერიტორია შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომამდე და მათ გახსნეს თავისი ეპარქიები უკრაინის ტერიტორიაზე, ეს ბევრმა არ იცის. შესაბამისად, რუმინეთის ეკლესია ბევრად უფრო ახლოსაა უკრაინასთან და ბევრად უფრო სწორი იქნება, ვნახოთ, რას იტყვის რუმინეთის ეკლესია, ვიდრე ჩვენ, რადგან უკრაინასთან უშუალო საზღვარი არ გვაქვს. ამიტომ დასაძრახი არაფერია იმაში, რომ ჩვენი ეკლესია არ ჩქარობს.
ადრე თუ გვიან, მოუწევს ჩვენს ეკლესიას, თავისი პოზიცია გამოთქვას. ალბათ, ეს იქნება გაზაფხულზე და გაზაფხულამდე რაღაც გაირკვევა. პირველ რიგში, გაირკვევა, რას ფიქრობენ უკრაინელები“, – განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
ამ დრომდე საქართველოს ეკლესიას პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქო უკრაინიის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიის დროს, ჟურნალისტებს განუცხადა.
“ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება, რომ გამოვხატოთ ოფიციალურად. ისე, ვიცით რა ხდება ეკლესიაში, ერთმანეთს ვესაუბრებით და რაც შეეხება პოზიციის გამოხატვას, ყველაფერში უნდა იყოს ადამიანი კორექტული. მით უმეტეს, ეკლესია როდესაც გამოხატავს თავის ოფიციალურ პოზიციას. მერე კიდევ, ეკლესიამ როგორ უნდა გამოხატოს პოზიცია, თუ ერთიანად არ იმსჯელა, ანუ წმინდა სინოდმა თუ არ იმსჯელა და არ გადაწყვიტა. ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც შევიკრიბეთ, ტომოსი საერთოდ არ ვიცოდით, ახლაც არ არის გამოქვეყნებული”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
აღნიშნულ საკითხს, ქადაგებისას 13 იანვარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა.
“პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერია მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები