მიხეილ გიორგაძე: ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება მალე მოგვარდება

„დარწმუნებული ვარ, ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გაიხსნება ძალიან მალე და კონსტრუქციულად მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მიხეილ გიორგაძე დარწმუნებულია, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება უახლოეს პერიოდში მოგვარდება და ტაძრის ჭიშკარი მალე გაიხსნება.
მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება არც ასეთი სტატუსის ძეგლს და არც ზოგადად, ცივილიზებულ გარემოს შეეფერება. როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგ არსებული ვითარება მოწესრიგდება.
„სანამ ეს შედარებით დიდი პროექტი გაკეთდება, პირველადი მოწესრიგებისთვის, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვიდრე ეს შეიძლება სამინისტროს ენიჭებოდეს. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ პრობლემისთვის თავის არიდებას. ჩვენი მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გიორგაძის თქმით, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს ადგილს, სადაც გარემოვაჭრეების გადაყვანა მოხდება. „დარწმუნებული ვარ, ძეგლის ჭიშკარი გაიხსნება და არც ტურისტებს, არც მომლოცველებს პრობლემა არ ექნებათ, რომ შეაღწიონ ტერიტორიაზე. გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები