ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები – დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ და სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან – მ.ზ.-სთან, გ.ხ.-სთან და ა.პ.-სთან, რომელთა დავალებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. 2018 წლის აპრილში დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. კანონიერი ქურდების დავალებით, მუქარითა და დაშინებით ერთ-ერთი დაზარალებულისგან ე.წ. „ქურდული წილის“ – 60 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა დ.ჭ., და კ.ბ. ქ.თბილისში, ხოლო გ.ბ. სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში 2018 წლის 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (2018 წლის 1 მაისამდე რედაქციით)) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.ჭ.-ს და კ.ბ.-ს 7-7 წლით ხოლო გ.ბ.-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები