მარნეულის სასამართლომ 30 წლის ქალიშვილის დაჭრისთვის დედას 7000-ლარიანი გირაო შუფარდა
მარნეულის რაიონის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 30 წლის შვილის დაჭრისთვის დაპატიმრებულ დედას, მ.პ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით 7000 ათას ლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ნაშუადღევს გამოიტანა.
როგორც „კვირას“ მარნეულის სასამართლოში განუცხადეს, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებაში ბრალდებული მ.პ. სანამ 7000 ლარს გადაიხდის, მანამდე საპატიმროში დარჩება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის, რომელმაც 30 წლის შვილი დანით დაჭრა, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტში დედამ შვილი დაჭრა. როგორც ირკვევა, 30 წლის ქალს ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალს, რომელიც დაოჯახებულია, მიმოწერა სხვა მამაკაცთან ჰქონდა და მას, სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.
ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმაც შეიტყვეს, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედა-შვილის მომხდარი დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს თემა გახდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.
იზა შაქარაშვილი