ბექა ნაცვლიშვილი: განწყობები, რომელიც მმართველ გუნდშია, მაძლევს იმის იმედს, რომ მოსამართლეების ეს სია ჩავარდება

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ზოგადად, ჩემი კოლეგებისგან, ასევე, ის განწყობები, რაც მმართველ გუნდში არსებობს დღესდღეისობით, მაძლევს იმის იმედს, რომ მოსამართლეების ეს სია ჩავარდება, – ამის შესახებ სპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლებელია, კრიტერიუმები გაიწეროს ისე, რომ მოსამართლეებმა, მათი წარსულიდან გამომდინარე ვერ დააკმაყოფილონ მოთხოვნები.
„თქვენ იცით, რომ ამ პროცესების საფუძველზე იმ მოსამართლეების აცილება გვინდოდა, რომელებიც დაკავშირებული არიან გახმაურებულ საქმეებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით, რამდენიმე მოსამართლის.
ამ მიზანს როგორ მივაღწევთ არ ვიცი, ეს შეგვიძლია სხვადასხვაგვარად გავაკეთოთ. ერთი – კრიტერიუმები გაიწეროს ისე , რომ ამ მოსამართლეებმა, მათი წარსულიდან გამომდინარე, ვერ დააკმაყოფილონ ეს კრიტერიუმები, რომლის შემუშვებაზეც ახლა ვმუშაობთ. თუ გართულდა კრიტერიუმების ამ ფორმით ჩამოყალიბება, მაშინ ჯერი მიდგება ინდივიდუალურ არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე თითოეული იმ დეპუტატისა, რომელმაც კენჭი უნდა უყაროს – ან უარყოს ან მხარი დაუჭიროს ამ კონკრეტულ მოსამართლეებს. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ზოგადად, ჩემი კოლეგებისგან, ასევე ის განწყობები, რაც მმართველ გუნდში არსებობს დღესდღეისობით, მაძლევს იმის იმედს, რომ მოსამართლეების ეს სია ჩავარდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი წარუდგინა. უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო. სია მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია.
12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებაა საჭირო და ამას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი გააკეთებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები